სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ბ. შპს ,,კაპიტალ გრუპის“ კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში, მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ.-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ქურდული კანონების“ თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.