დავით ბაქრაძეს დაცვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების რეკომენდაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეუნარჩუნა, - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა მთავრობის მიერ დავით ბაქრაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ღვინიაშვილმა აღნიშნა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შემდეგ, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მომდევნო თავდასხმა შესაძლოა დავით ბაქრაძეზე განხორციელებულიყო.
”გივი თარგამაძეზე განხორციელებული ჯერ კიდევ გაუხსნელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ჩვენ მეგობარ პარტნიორ ქვეყნებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შემდეგი სამიზნე შესაძლოა დავით ბაქრაძე ყოფილიყო. ზოგადად, ქვეყანაში რისკების განსაზღვრას და დასაცავ პირთა ჩამონათვალს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ადგენს და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავით ბაქრაძეს დარჩენოდა ნაწილობრივი დაცვა. თვითონ დავით ბაქრაძეს ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს თხოვნით, რომ მას დაცვა შენარჩუნებოდა”, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.