თემურ გრიგალაშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებული საგზაო ტენდერებით დაინტერესდეს

თემურ გრიგალაშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებული საგზაო ტენდერებით დაინტერესდეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ გრიგალაშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებული საგზაო ტენდერებით დაინტერესდეს. თემურ გრიგალაშვილმა დღეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც დოკუმენტაცია წარადგინა. თემურ გრიგალაშვილმა კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საგზაო სამუშაოზე გამოცხადებულ 2 ტენდერზე ისაუბრა, სადაც ე.წ. ზღვრული ფასები მნიშვნელოვნად არის განსხვავებული.

”დავით ნარმანია არ ღალატობს საკუთარ ტრადიციას და აპირებს 2017 წელი ისევე ჩააფლავოს როგორც ეს მან მოახერხა გასული წლების განმავლობაში. მერიაში კვლავ ხდება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი დაგეგმარება, რაც შემდგომ კორუფციის წყაროდ გარდაიქმნება”, - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მხოლოდ ერთი ტენდერიდან დაახლოებით 300 000 ლარზე მეტი თანხა ”მავანთა ჯიბეებში დასალექად არის განკუთვნილი”.

”20 დღიან შუალედში მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გამოაცხადა ორი საგზაო ტენდერი ზღვრული ფასებით და მათ შორის არის დიდი განსხვავებები. პირველ ტენდერში ერთ კვადრატულ მეტრზე 6 სანტიმეტრიანი გზის საფარის მოწყობის ზღვრული ფასი არის 14 ლარი და 8 თეთრი, 4 სანტიმეტრიანი საფარის 10.87 ლარი. ამ ორივე კომპოზიციის ჯამური ღირებულება კი შეადგენს დაახლოებით 25 ლარს. მეორე ტენდერი, რომელიც არის 4 მილიონი ლარის ღირებულების, ანალოგიურ სამუშაოებზე 6 სანტიმეტრიანი გზის საფარის დაგებაზე ფასი არის გაზრდილი 18.50 ლარამდე. 4 სანტიმეტრიანი საფარის დაგების საგზაო-სამუშაოზე თანხა შეადგენს 14.50 ლარს, ამ ორივეს ჯამური ღირებულება სულ 33 ლარია, შესაბამისად, ჯამური სხვაობა ორ ტენდერში ერთი ტიპის სამუშაოებზე 8 ლარს შეადგენს. მეორე ტენდერში შესასრულებელი საგზაო სამუშაოების მოცულობა 38 000 კვ.მეტრია, 8 ლარზე გამრავლების შედეგად ტენდერით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების ღირებულება 304 000 ლარით ხელოვნურად არის გაზრდილი”, - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნათელი მაგალითია. მან ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურორ შოთაძეს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.