მინდა მივესალმო ინტერესს, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ გამოთქვა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში საწარმო შექმნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას მაქსიმალური თანადგომა გაუწიოს ამ პროექტს.
„ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მაქსიმალური თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიდი წარმატებით მოღვაწეობენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სოციალურ ქსელში „აეროსმიტის“ კონცერტისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფა გააპროტესტა.
"5 მილიონს ვიხდით „აეროსმიტში“. 2,5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს. ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელ-ნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზვიად ციკოლიამ.
ამის შემდეგ დიზაინერსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი შედგა.
უწყების ინფორმაციით, გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოების დაწყებაზე ესაუბრა. საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული. სამომავლოდ საწარმოში, ზვიად ციკოლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს.