მინდა, დონალდ ტრამპს ვუსურვო წარმატებები როგორც ამერიკის შიდა გამოწვევებთან, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებულ არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მან დონალ ტრამპს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო ბატონ ტრამპს ამერიკის 45-ე პრეზიდენტად არჩევა. მინდა ვუსურვო წარმატებები როგორც ამერიკის შიდა გამოწვევებთან გამკლავებაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებულ არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო იყო და რჩება აშშ-ს ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად ამ რეგიონში.
„ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულება, ეს არის - თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, დემოკრატიის კონსოლიდაცია ქვეყნაში და დემოკრატიული განვითარება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ თანამშრომლობას აშშ-სთან იმისთვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის დადებითი შედეგების. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და დიდი იმედი გაქვს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.