ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ასეთი ფართო ჩართულობით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა პირველად ხდება. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მიღებულია პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან და თვითონ პროცესთან დაკავშირებით.
„საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველად ხდება ასეთი ფართო ჩართულობით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. მასში ჩართულები არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თითონ პროცესთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსახვავებით იმ წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ ხშირად ვგებულებდით ხოლმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვექნება საქართველოში კონსტიტუცია, რომელიც იქნება ფართო ჩართულობით მიღებული, იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არსებობს და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, აღარ იქნება ასეთი ხშირი ცვლილებები. რაც, ვფიქრობთ, რომ არ იყო კარგი და დღეს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.