საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს

საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს

საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გია ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ თავად სურს, რომ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს, ხოლო ”ქართულ ოცნებას” პირიქით უნდა.

”ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული და ყველა ვგულშემატკივრობთ ამ ადამიანს, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის არის ის, რომ ამ თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ისტერიკებს აწყობს მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები და ამ ინტერესებით უნდა ვმოქმედებდეთ. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, რომ ის ადამიანი დავიხსნათ რუსეთში ექსტრადირებისგან. ოპოზიციის ინტერესი კი არის, რომ ზედმეტად იყაყანონ, რათა წარმოაჩინონ ისე, თითქოს თავად სურთ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს და ”ქართულ ოცნებას” პირიქით უნდა. ეს არის არასწორი, არაეთიკური დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი არ გადაეცეს რუსეთს. რაც შეეხება იმ პრეტენზიებს, რომელიც უკავშირდება მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და შემდგომ უკრაინაში მის დაკავებას, ეს ყველაფერი ეფუძნება ყველა იმ სამართლებრივ ნორმას, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ინტერპრეტაციებით. სხვა ნებისმიერი სპეკულირება არის პოლიტიკური სპეკულაცია ამ თემაზე”, - განაცხადა სესიაშვილმა. 

რაც შეეხება უმცირესობის განცხადებას, რომ ისინი თავდებში უდგებიან გია ცერცვაძეს, სესიაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური პიარსვლა. ”ჩვენი ამოცანაა გავიდეთ პრაგმატულ შედეგზე. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ბერკეტები, რომელიც სახელმწიფოს ფორმალურად თუ არაფორმალურად გააჩნია. ჩვენთვის გაცილებით მეტ ინტერესს წარმოადგენს, ეს ადამიანი იყოს დაცული, ვიდრე პოლიტიკური პიარსვლები“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.