შეიცავს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის მტკიცებით, უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის, გიორგი ცერცვაძის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს.
როგორც კახიძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მინიმუმ ორი უზუსტობაა დაშვებული.
„მინდა გამოვეხმაურო ბატონ ირაკლის (სესიაშვილი), რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი მიიღო. შსს-მ განაცხადა ორი რამ: პირველი, რომ ვალდებულნი იყვნენ ეს პირი მაინც გაეტარებინათ საზღვარზე, მიუხედავად იმისა, ინტერპოლით ძებნილი იყო, რადგან საბუთები ჰქონია წესრიგში. ეს ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო ინტერპოლით ძებნილი პირი შეეჩერებინა საზღვარზე და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაეწყო - ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ ხართ და ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, რომლის წინაშეც არის ანგარიშვალდებული ჩვენი მთავრობა და მათ შორის მინისტრი და თქვენ თქვენი ფუნქცია უნდა შეასრულოთ სრულყოფილად. ეს განცხადება უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, თუ გნებავთ გადაამოწმეთ იურისტთან, რომელსაც ენდობით.
სიმართლეს არ შეესაბამება არც მეორე განცხადება, რომელიც სამინისტრომ გააკეთა - თითქოს ის ვალდებული იყო დაცული არხებით გაევრცელებინა ინფორმაცია და მიეწოდებინა რუსეთის ფედერაციისთვის. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური და სამხედრო მიზნებისთვის. ამიტომ საქართველოს სახელმწიფოს უნდა დაეცვა თავისი ოფიცრის ინტერესები, ეს ინფორმაცია არ გაეცვალა, პირიქით, უნდა გამოეთხოვა მასალები რუსეთის ფედერაციისგან.
აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება შეიცავს ორ ფაქტობრივ უზუსტობას, შეიძლება ითქვას ტყუილსაც“, - განაცხადა კახიძემ.
აღნიშნულ კონტექსტში დეპუტატმა პარლამენტში შს მინისტრის დაბარების წინადადება გაიზიარა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან შეკითხვები უნდა დაისვას.
„ჩვენ უნდა დავსვათ ეს კითხვები მინისტრის წინაშე. ვინმე თუ თანამშრომლობს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან რუსეთის ფედერაციასთან, ვინმე თუ აძლევს სასაზღვრო პოლიციას იმის დავალებას, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გაატაროს საზღვარზე დაუბრკოლებლად და შემდეგ მას უკრაინაში დააკავებენ, ეს საკითხები არის გამოსაკვლევი. ჩვენ უპირობო ნდობა არ უნდა გამოვუცხადოთ მთავრობას. თქვენ ხართ საპარლამენტო უმრავლესობა, ისაა მთავრობა, რომელსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნდობა უპირობო და ულიმიტოა. თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხები.
ამ ადამიანის ბედი ბეწვზე ჰკიდია. რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში ემუქრება უმძიმესი ბედი, ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის ჩათვლით“, - მიმართა კახიძემ უმრავლესობის წევრებს და დასძინა, რომ გიორგი ცერცვაძე წლების განმავლობაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის.
ამასთან, როგორც კახიძემ აღნიშნა, უმრავლესობას და უმცირესობას სრული კონსენსუსი უნდა ჰქონდეთ იმაზე, რომ ქართველი ოფიცრის გათავისუფლების საკითხზე სასამართლოს მიმართოს. „ასევე, თუ მინისტრი ვერ ართმევს კარგად თავს მოვალეობას, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. ეს არ უნდა მოგვერიდოს. ჩვენი ვალი კითხვების დასმაა“, - აღნიშნა დეპუტატმა.