საპარლამენტო უმცირესობა უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ, გიორგი ცერცვაძეს თავდებში უდგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დღესვე გადაეგზავნება შესაბამისი შუამდგომლობა, რომ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს ცერცვაძე არ გადასცენ.
”შევიმუშავეთ შუამდგომლობის ტექსტი, სადაც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები თავდებში ვუდგებით ვიცე პოლკოვნიკ ცერცვაძეს, რომელიც დაკავებულია უკრაინაში და მივმართავთ უკრაინის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რათა პირველ რიგში არც ერთ შემთხვევაში არ მოხდეს ცერცვაძის გადაცემა რუსეთის ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ასევე თავდებში ვუდგებით, რომ იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ცერცვაძის ადვოკატთან და ვაპირებთ დახმარება გავუწიოთ ადვოკატს, რათა თუ საჭირო იქნება მივმართოთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ მოითხოვონ მისი ექსტრადირების შეჩერება და არ დაშვება რუსეთის ფედერაციაში. ჩვენს შუამდგომლობას ხელს აწერს უმცირესობის ყველა დეპუტატი და იგი დღესვე გაიგზავნება უკრაინის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებში”, - განაცხადა გიორგი ტუღუში.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა.