შეგახსენებთ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვისაც სურდა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლა. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან განკუთვნილი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, - განაცხადა „რესპუბლიკელების“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა გაზეთ Le Monde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ნუთუ დასავლეთი ყოველთვის საიმედო იყო? ნუთუ არასოდეს მოუტყუებიათ რუსები ლიბიის, კოსოვოს, ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის საკითხზე? რუსეთს ბევრი პასუხისმგებლობა გააჩნია, მაგრამ ერთადერთი არაა. შეგახსენებთ, მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვისაც სურდა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლა. უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან განკუთვნილი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. აშშ არ მიიღებდა თავის საზღვრებთან აგრესიულ ქვეყნებს. რა საჭირო იყო რუსეთის საზღვრებთან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაყენება?“ - აღნიშნა ფრანსუა ფიიონმა.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.
„შევძლებთ თუ არა რუსეთის უფრო კეთილგონიერ პოზიციებზე დაბრუნებას? არ ვიცი, მაგრამ უნდა ვცადოთ“, - თქვა „რესპუბლიკელების“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა.
ფრანსუა ფიიონის თქმით, რუსეთთან ურთიერთობა ევროპის მომავლისთვის სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს.
„ორი არჩევანი არსებობს: ან შევეცადოთ რუსეთთან საერთო ენა მოვძებნოთ ან კონფრონტაციის რეჟიმში ვიყოთ მასთან. ვის შეიძლება რუსეთთან კონფლიქტში შესვლა სურდეს?“ - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე შეეხო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების საკითხს.
„გულუბრყვილოა იფიქრო, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით რუს ხალხს გატეხ. საჭიროა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების აღდგენა. ეს მოხდება უკრაინის საკითხის გადაჭრით. კიევმა, ისევე როგორც მოსკოვმა უნდა დაიცვან მინსკის შეთანხმებები“, - დასძინა ფრანსუა ფიიონმა.