საქართველოს ხელისუფლებამ ითანამშრომლა რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებთან და საკუთარი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაეჭირათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთო კახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ცერცვაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა ყველა საომარ მოქმედებაში, რომელიც საქართველოს უწარმოებია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
”იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას დაეცვა საკუთარი ჯარისკაცის ინტერესი, მათ მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო სამსახურებს. საზღვარზე როდესაც გადადიოდა ეს პირი, არ გააფრთხილეს, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მტერთან თანამშრომლობა და ღალატი. ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრისგან პასუხს, ვინ არის პასუსიხმგებელი, ვინ არის დამნაშავე, რომ ითანამშრომლა რუსეთის ფედერაციასთან და მიაწოდა ეს საბუთები. ამავე დროს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ რეაგირებას. ხელისუფლებამ ასეთი მავნებლური ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება და ყველა ღონე იხმაროს, რათა გიორგი ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ხელისუფლებამ უნდა მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია სასამართლოს, ინტერპოლს და დაიცვას საკუთარი ჯარისკაცი”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა.