21 მაისს სოფიკო ჭიაურელს 75 წელი შეუსრულდებოდა. ის ცნობილი ქართველი რეჟისორის მიხეილ ჭიაურელის და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის ოჯახში დაიბადა. მათ სახლს ცნობილი მსახიობები, ოპერატორები და რეჟისორები მუდმივად სტუმრობდნენ, მათ შორის მომავალი საბჭოთა კინოს კლასიკოსი და სოფიკოს დეიდაშვილი გიორგი დანელია. სოფიკო ჭიაურელის შესახებ გიორგი დანელიამ "კოსმოპოლსკაია პრავდასთან" ისაუბრა.
- მოგონებების წიგნში დაწერეთ, რომ დიდი ხანი არ გჯეროდათ, რომ სოფიკო ნიჭიერი მსახიობი იყო. რატომ?
- საქმე ის არის, რომ სოფიკოზე რვა წლით უფროსი ვიყავი, ბავშვობაში ეს დიდი სხვაობაა. 11 წლის რომ ვიყავი, იგი სამი წლის იყო. ყოველ ზაფხულს, თბილისში, სოფიკოს მშობლებთან, მიხეილ ჭიაურელთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან სტუმრად მიშვებდნენ. ჭიაურელი ქალიშვილისთვის სულს არ იშურებდა. ეზოში ბიჭები ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, უცებ ფანჯარაში სოფიკოს მამა გადმოდგებოდა და დაგვიძახებდა: "სწრაფად მოდით, სოფიკო ამღერდა!" უარის თქმა არ შეიძლებოდა. შევდიოდით ოთახში და ვისმენდით, თუ როგორ მღეროდა სამი წლის გოგონა. ნახევარ საათში სოფიკოს ცეკვა მოუნდებოდა და სცენა მეორდებოდა. ზოგადად, სოფიკოს ნიჭს ასე ვუდგებოდი - მერე რა, რომ დაიკომ თამაში მოინდომა!
იგი ჩემთვის, პირველ რიგში, და იყო. კინოხელოვნებას რომ ეუფლებოდა, მისი საკურსო სპექტაკლების სანახავად არასდროს დავდიოდი. თეატრში გვიან ვნახე, როდესაც მოსკოვში გასტროლით ჩამოვიდა. ჩემი, როგორც ძმის მოვალეობა იყო ამ სპექტაკლებს დავსწრებოდი. მაგრამ თეატრში თავს ყოველთვის ცუდად ვგრძნობდი - იქ მოწევა მინდება, ამას კიდევ სოფიკოზე ღელვა ემატებოდა. მოკლედ, მისი თეატრალური ნამუშევრები ცუდად დავიმახსოვრე. ერთ-ერთ შემოქმედებით საღამოზე მივხვდი, რამდენად დიდი მსახიობი იყო, როცა მისი სპექტაკლებიდან ფრაგმენტები გვაჩვენეს. მაშინ სოფიკოს ნიჭში რომ არ დავრწმუნებულიყავი, შეუძლებელი იყო.
- თქვენ იგი მხოლოდ ერთ ფილმში - "არ დაიდარდოში" გადაიღეთ. რატომ?
- მეჩვენებოდა, რომ ჩემთან იგი საკუთარ თავს თამაშობდა და ეს როლი შესანიშნავად შეასრულა. შემდეგ სოფიკომ საჯაროდ დაიჩივლა, რომ მე იგი არც ერთ ჩემს შემდგომ ფილმში არ გადავიღე. ვკითხე: "კი მაგრამ, აბა ვის ითამაშებდი, აფონიას?" "არ დაიდარდოს" გადაღებებზე ჩვევა ქონდა, დუბლებს შორის მზესუმზირას ჭამდა, რითაც ძალიან მაბრაზებდა. კინომატოგრაფებში ეს ცუდის მომასწავებელ ნიშნად ითვლება. ნათელია, რომ ყველა ნერვიულობს და რაღაცნაირად ამ ნერვიულობის მოხსნას ცდილობს, მაგრამ მზესუმზირა?! როგორ არ ვცადე მისი გადაჩვევა, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, როდესაც "არ დაიდარდოს" ბოლო სცენას ვიღებდით, მეც დავიწყე ამ დაწყევლილი მზესუმზირის ჭამა.
- ბოლო წლებში ხშირად ეკონტაქტებოდით?
- სამწუხაროდ ცოტას. როდესაც თბილისში ჩავდიოდი, პირველ რიგში მასთან მივდიოდი, მაგრამ მეგობრებთან ერთად ვსტუმრობდი. სოფიკოს სახლში მაგიდა იშლებოდა, მოდიოდნენ მეგობრები, პირისპირ საუბარს ძალიან იშვიათად ვახერხებდით.
ბოლოს მას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ვესაუბრე. მისმა თაყვანისმცემელმა მისი თხოვნით თბილისის საავადმყოფოდან ჩემი ნომერი აკრიფა... ვუთხარი: "და გადამირჩინეთ". სამწუხაროდ, ეს ონკოლოგია იყო... შემდეგ პარიზში მკურნალობდა, სადაც 70 წლის იუბილე გადაიხადა, რომელზეც დასწრება ვერ შევძელი - ემფიზემა გამირთულდა. მაგრამ გავიგე, დაბადების დღე რომელ რესტორანში უნდა გადაეხადა და ყვავილების დიდი თაიგული შევუკვეთე. ამბობენ, რომ ძალიან გაუხარდა.
ის ძალიან მაკლია. ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ, დისა და ძმის ურთიერთობას დაემსგავსა. მისი გახსენება ყოველთვის მსიამოვნებს, ისეთი ცოცხალის, მზრუნველის, კეთილის და საოცრად თბილის ...
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.