საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თედო ჯაფარიძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპის პროგრამის დირექტორთან ჰეზერ კონლისთან; აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელთან იან ბრჟეზინსკისთან; და “Gryphon partners”-ის პრეზიდენტთან, წარსულში აშშ-ის ელჩთან ერაყში, ავღანეთსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ზალმეი ხალილზადთან.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.