გიორგი კვირიკაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

გიორგი კვირიკაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკის, კულტურის, უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის არსებულ დინამიკას. მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით. საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და ამ მიმართულებით ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

შეხვედრის დასასრულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხორვატი კოლეგა საქართველოში მოიწვია. დავოსში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.