სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორში არსებულ პოტენციალსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ევროინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას.

შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.