სერგო რატიანი:  რაც უფრო ”გაწელავს” კალაძე კითხვებზე პასუხს, მით უარესი ხელისუფლებისათვის

სერგო რატიანი: რაც უფრო ”გაწელავს” კალაძე კითხვებზე პასუხს, მით უარესი ხელისუფლებისათვის

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ სერგო რატიანმა განუცხადა.

როგორც რატიანმა განმარტა, ”გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უმცირესობის ორი ფრაქციის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 17-20 იანვრის ფარგლებში მიიწვიეს. რატიანის თქმით, მათ მიმართვას ენერგეტიკის სამინისტროდან ამ დრომდე ოფიციალურად არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

”გუშინ მინისტრმა ჩვენ მოთხოვნას სრულიად უტიფარი და გაუგებარი პასუხი გასცა. ეს არ არის პასუხი მხოლოდ ჩვენს მიმართ - ეს არის პასუხი საზოგადოების მიმართ. ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება აინტერესებს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. რაც უფრო გაწელავს კალაძე კითხვებზე პასუხის გაცემას, ეს მით უფრო უარესია ხელისუფლებისათვის. მას კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს. ეს არის საკითხი, რაც ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” სერგო რატიანმა.

საპარლამენტო უმცირესობამ “გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაიბარა. რეგლამენტის გათვალისწინებით, კალაძე ვალდებულია პარლამენტში მივიდეს და უმცირესობის კითხვებს პასუხი გასცეს, რადგან კანონი ამბობს, რომ მთავრობის წევრი უფლებამოსილი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომას და პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.