პატრიარქი - ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს

პატრიარქი - ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. 

უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. 

პატრიარქის თქმით, დღეს არის წმინდა სამების დღესასწაული, ძე ღვთისა მდინარე იორდანეში შევიდა და იოანე ნათლისმცემლისაგან ნათლისღება მიიღო. 

„სულიწმინდა სახითა მტრედისათა მოევლინა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს, ვმადლობთ უფალს, იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს უფალი. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი“, - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. 

უწმინდესმა ასევე დიდ აიაზმაში წყლის კურთხევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წყალი ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს. 
„დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა წყალი. ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლში ეს დიდი აიზმა. ეს არის უდიდესი სიწმინდე. თქვენ უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი ღვთისა მუდამ იქნება თქვენთან“, - განაცხადა უწმინდესმა. 

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების ბოლოს საქართველო და მთელი მსოფლიო დალოცა. 

დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ასევე ჩვილთა 47-ე ნათლობა გაიმართება, რომლის დროსაც 770-ზე მეტი პატარა პატრიარქის ნათლული გახდება. დღეისათვის უწმინდესის ნათლული 30 238 ბავშვია.