შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.

უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.

თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. 

"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ჯახუამ. 

მან სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „პოლიციელებმა კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება“ აიძულეს. 

რაც შეეხება იარაღს, გიორგი ჯახუას თქმით, ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – აღნიშნა მან.