გამჭვირვალობა თითქოს შესრულებულია, მაგრამ მას აქვს ფსევდო გამჭვირვალობის ხასიათი

გამჭვირვალობა თითქოს შესრულებულია, მაგრამ მას აქვს ფსევდო გამჭვირვალობის ხასიათი

გამჭვირვალობა თითქოს შესრულებულია, მაგრამ მას აქვს ფსევდო გამჭვირვალობის ხასიათი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების საქმიანობა გამჭვირვალობის თვალსაზრისით ერთგვარ ტენდენციას იძენს.

„ვგულისხმობ იმას, რომ პროცესი ტარდება ღიად, კონკურსანტები გამოდიან ღიად, პირდაპირ ეთერში შეგიძლია უყურო გასაუბრებას, მაგრამ ბოლოს, შედეგი არის თვითნებური, რადგან ყოველთვის ირჩევენ იმას, ვინც მოსწონს ხელისუფლებას“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

მან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის პროცესი ევროსასამართლოს მოსამართლეების კონკურსს შეადარა.

„პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ევროპის სასამართლოს შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროცესით იყო ყველა კმაყოფილი, მაგრამ უცებ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ადამიანი შეეცვალა და ჩაესვა ევა გოცირიძე. იგივეს აკეთებენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ პროცესის ფონზე კიდევ ხდება საკანონმდებლო ცვლილებების შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოსთვის საკუთარი უფლებამოსილებების ჩამორთმევას და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდას“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.