ხელისუფლებას აქვს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების პოლიტიკური ნება - ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება

ხელისუფლებას აქვს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების პოლიტიკური ნება - ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძისთვის უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას და დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ პაკეტს.

“საკითხი განხილული იქნება საარჩევნო სისტემის რეფორმის კონტექსტში და არა ცალკე, ხოლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში 200 000 ამომრჩეველის ხელმოწერით არის წარმოდგენილი, დადგენილი პროცედურით იქნება განხილული - ეს მოითხოვს კენჭისყრას თუ სხვა ტიპის პროცედურას, ამასთან დაკავშირებით დღეს ვერ გავაკეთებ განცხადებას. თუ საკითხი განხილულია, ამ ადამიანებმა განხილვის შედეგები უნდა იცოდნენ. განხილვა ჩვენი მოწვევის ფარგლებში არ გამართულა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების პოლიტიკური ნება და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება.

პოლიტიკური პარტიები პარლამენტისგან კენჭისყრაზე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დაყენებას ითხოვს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცლას - კერძოდ კი, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

აღნიშნილ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენლები დღეს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს შეხვდნენ. სწორედ აღნიშნული ფრაქცია გეგმავს პარლამენტისათვის კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნას და საკითხის დღის წესრიგში შეტანის მიზნით ბიუროსათვის მიმართვას.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, ცვლილებები წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და ის კენჭისყრაზე პირველი მოსმენით არის გაჩერებული. მათი განცხადებით, საკითხს უკან არ გაიწვევენ, იმის მიუხედავად, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი არა აქვთ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა არ სურს, რადგან სწორედ ამ გზით ახერხებს პარლამენტში მანდანტების უმრავლესობის მიღებას.