ვფიქრობთ, გეოპოლიტიკური ფასი საქართველომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ამ ფორმით დადებით დაკარგა ან სულ მცირე, შეამცირა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, „რესპუბლიკელები“ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებას აფასებენ, როგორც „ქვეყნის სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისს“, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იცის რუსეთი როდის გაზრდის გაზზე ფასს და მეორე მხრივ, ეს ნიშნავს „საქართველოს პოლიტიკური ფასის დაკნინებასა“ და „რუსეთისთვის ყველა ბერკეტის“ გადაცემას.
თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ „გაზპრომის გარშემო პროცესები აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა და ხელისუფლება არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.
„2015 წელს ფრაქცია "რესპუბლიკელების" მოთხოვნის საფუძველზე ენერგეტიკის სამინისტრომ გაგვცა პასუხი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს გარდაუვლად მოუწევს გაზის შეძენა, მაგრამ ვისგან შევიძენთ, ამაზე მყარი პოზიცია არ გვაქვს და მომავალში კიდევ იქნება ეს საკითხი განხილვის თემაო. რატომ არ გაგრძელდა დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით და რატომ გახდა "გაზპრომი" ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც დამატებით გაზს მოგვაწვდის? "რესპუბლიკელები" ამ პროცესს ვაფასებთ როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისს იმიტომ, რომ ერთია, რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება გაზის ფასის მიმართ - არ ვიცით, როდის გაზრდის მას და მეორეა, ჩვენი პოლიტიკური ფასის დაკნინება, რადგან რუსეთს ყველა ბერკეტი გადავეცით, ასევე, იმიტომ, რომ არავინ არ გვიხსნის, რატომ არ შეეძლო რუსეთს ალტერნატიული გზებით სომხეთისთვის გაზის მიწოდება. რატომ არ ვაწარმოებთ და საერთოდ თუ ვაწარმოებდით ირანთან მოლაპარაკებებს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით?“ - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
მისივე თქმით, „გაზპრომის თემა არის „წითელი ხაზი, სადაც ხელისუფლება ადასტურებს იმას, რომ „მას ნამდვილად რუსული ინტერესები ამოძრავებს და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა სურს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ნებას“.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.