დროა, დაიწყოს დისკუსია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის განსაზღვრაზე

დროა, დაიწყოს დისკუსია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის განსაზღვრაზე

პარლამენტის წევრ სალომე ზურაბიშვილის აზრით, დროა კონსტიტუციამ დასრულებული ფორმა მიიღოს და დაიწყოს დისკუსია, საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრაზე.

როგორც ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას უნდა ემსახურებოდეს. მისივე თქმით, ტერიტორიული მოწყობის საკითხს უკავშირდება ორპალატიანი პარლამენტის შექმნა და პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხიც მარტივად გადაწყდება.

“დღეს არ ვიტყვი, თუ როგორ მესახება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტა. მე ვთვლი, რომ მოვიდა დრო ამაზე ვიფიქროთ. შეიძლება ვერც შევძლოთ საბოლოო ფორმაზე გასვლა და ჩამოყალიბება, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა. ამაზე უნდა დავიწყოთ სერიოზული დისკუსია, რა დროსაც ჩამოყალიბდება ხედვები. ვიცი, რა შეიძლება იყოს ფედერალური სისტემის უპირატესობები. ვიცი, რა პრობლემები ახლავს თან ასეთ სისტემას. ვიცი, რისი გვეშინია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთად უნდა მოვიქროთ, თუ როგორ ვხედავთ ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.