სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე საკონსტიტუციო წინადადებას სთავაზობს

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე საკონსტიტუციო წინადადებას სთავაზობს

პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე საკონსტიტუციო წინადადებას სთავაზობს.

ინიციატივები კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

დეპუტატის აზრით, უნდა გაუქმდეს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. მისი თქმით, ის აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით უკან არ დაიხევს.

“კონსტიტუციის ამ მუხლის გაუქმება ქვეყნის დემოგრაფიული და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. შესაბამისად, მოქალაქეობის შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძველი გაუქმდება, უცხო ქვეყნის მიერ პასპორტიზაციის სტრატეგიას სარჩული გამოეცლება და გზა გაეხსნება ყოფილ მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისათვის მოქალაქეობის უმარტივესი ფორმებით აღდგენას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კონსტიტუციაში იყოს განსაზღვრული სახელმწიფოს დამოკიდებულება უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების მიმართ. “როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ერთი მეოთხედი საზღვარგარეთ იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია, თვით კონსტიტუციაში იყოს ასახული სახელმწიფოს ზრუნვა მათ მიმართ, მათი ინტერესების დაცვის ვალდებულება იყოს აღიარებული, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულება. ესეც უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში და შემდეგ კონკრეტული საკითხები კანონმდებლობით განისაზღვროს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, დეპუტატის აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია მიწების უცხოელებზე გაყიდვის საკითხზე შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი უნდა დარეგულირდეს კანონით და არა კონსტიტუციით. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, კონსტიტუცია საკუთრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის პრინციპებთან ერთად, კანონით შეზღუდვის უფლებასაც უნდა ცნობდეს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდეს მორატორიუმისა ან სხვა ფორმის შეზღუდვის გაუქმების საფუძველი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და როგორც განაცხადა, სახელისუფლებო ბალანსის შენარჩუნების მიზნით, პრეზიდენტის საყოვეთაო არჩევის წესი მართებულია. ზურაბიშვილის აზრით, პირდაპირი წესით არჩევა პრეზიდენტს აძლევს ლეგიტიმაციას და ეფექტურ საშუალებას იყოს ადამიანის უფლებების, კონსტიტუციური პრინციპებისა და ქვეყნის მთლიანობის დაცვის გარანტი.