გია ვოლსკი „გაზპრომთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციაზე:  არ იქნება სწორი ისტერიკისთვის და დაძაბულობისთვის აყოლა

გია ვოლსკი „გაზპრომთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციაზე: არ იქნება სწორი ისტერიკისთვის და დაძაბულობისთვის აყოლა

”გაზპრომთან” დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, მაგრამ თუ ამ თემაზე პარლამენტში განხილვა გაიმართება, რატომაც არა - თუკი ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, - ამის შესახებ ”ინტრეპრესნიუსს” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, არ იქნება სწორი ისტერიკისთვის და დაძაბულობისთვის აყოლა, ”რადგან სახელმწიფოს და მის საზოგადოებას გაზის გარდა, სჭირდება სიწყნარე, გარკვეული სიმშვიდე, სტაბილურობა და განცდა იმისა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება გამოზომილ და სწორ ნაბიჯებს დგამს”.

”კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ”გაზპრომთან” დაკავშირებით არჩევანის წინაშე ვიყავით, ან საერთოდ უარი გვეთქვა გაზის ტრანზიტსა და სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციაზე, გარკვეულწილად დაგვეძაბა ურთიერთობა სომხეთთან, მოგვეხდინა ნულოვანი შეთანხმება და შემდეგ სახელმწიფო რესურსით შეგვეძინა გაზი, რომელიც დეფიციტში გაჩნდებოდა. მეორე ალტერნატივა იყო 2017 წლისთვის ნაწილობრივ მონეტარიზაციაზე დათანხმება, ხოლო წლის ბოლოსთვის გაიმართება ახალი მოლაპარაკებები, რომლის მიხედვით, ”გაზპრომი” გაზის გატარებაში მისაღებ ფასს გადაიხდის. ამ ორ ალტერნატივაზე მეტი არ არსებობს. რასაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს თემა განხილული უნდა იყოს პარლამენტში, რატომაც არა - თუკი ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. თუკი ვინმეს აქვს პროფესიონალური შეხედულება - ან დადებითი ან უარყოფითი, ეს უნდა გამოხატოს, მაგრამ ზოგადი შეძახილები ”აბა ნახეთ, იქ რა ხდება”, უადგილოა, თუმცა რატომაც არა, თუკი პარლამენტში განხილვა იქნება. პირადად, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად ეს განხილვა ერთი დიდი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობა იქნება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ვოლსკიმ, რითაც „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების საკითხზე პრეზიდენტის პოზიციას გამოეხმაურა.

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით, შესაძლოა მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც ეკონომიკური დანაკარგები.

”ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს პარლამენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით.