რევაზ არველაძის განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურის შემცირებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს

რევაზ არველაძის განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურის შემცირებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურის შემცირებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს.

როგორც რევაზ არველაძემ „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, 1992 წლის შემდეგ, რაც საქართველო იღებს სომხეთში გატარული გაზის 10%-ს, მუდმივად დგებოდა საკითხი, რომ აღნიშნული 10% ბევრი იყო და უნდა შემცირებულიყო.

„ჯერ კიდევ 1996-1997 წლებში აშშ-ს საელჩოს დონეზე, საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტოს ამიერკავკასიის ხელმძღვანელი აყენებდნენ საკითხს და საკმაოდ მკაცრადაც, რომ მოკლე მონაკვეთზე 10%-ის დატოვება ძალიან ბევრია და საჭიროა, რომ ეს შემცირდეს ჯერ 7%, შემდეგ 5%-მდე და ა.შ. მაშინ ჩვენ ვუმტკიცებდით იმით, რომ გაზსადენები, რომელიც რუსეთიდან მოდის საქართველოს გავლით სომხეთისკენ, იყო ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაში და მართლაც საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, რომ მოეწესრიგებინა. გახსოვთ, მაშინ როგორი იყო ბიუჯეტის მდგომარეობა, შემოსავლები და ა.შ. ამით ვუდასტურებდით ამერიკულ მხარეს, რომელებიც რა თქმა უნდა, სომხეთს ლობირებდნენ, რომ არ შეიძლება უფრო ნაკლებზე ჩამოსვლა.“, - განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, დღეს მოწესრიგებულია ეს გაზსადენები, დანაკარგებიც უფრო მეტად შემცირებულია.

„საკითხის დაყენება შემცირების თაობაზე, ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ შემცირება კი არ დააყენა „გაზპრომმა“, არამედ ის, რომ გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე, როგორც მიღებულია საერთოდ. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თითქმის ყველგან ფულით უხდის გამტარებელი იმ სახელმწიფოს, სადაც ტრანზიტით გაზი გადის. ამას ბოლოს ვერსად გავექცეოდით, როდესაც ამდენი ხანი მიდის ამ საკითხებზე მსჯელობა და წელს მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება. როგორც ისაუბრეს ენერგეტიკის მინისტრმა, მისმა მოდგილემ, ფინანსთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, რომ მიღწეული იქნება საუკეთესო შედეგი ყველა განხილულ ვარიანტებს შორის. მე არ ვყოფილვარ ამ მოლაპარაკებების მონაწილე, მაგრამ ალბათ, ყველა შესძლოა ვარიანტები იყო განხილული და მათში საუკეთესოს მიაღწიეს. თავისთავად ცხადია, იმდენს ვერ მიიღებს საქართველო, რამდენსაც იღებდა (მე ავხსენი კიდეც, რომ აქამდე, ალბათ, უნდა მისულიყო), მაგრამ როგორც განაცხადეს, ის არ იქნება შორს იმ ეფექტისგან, რომელიც იყო, როდესაც ნატურით ვიღებდით გაზს“, - განაცხადა არველაძემ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა.

ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.