სევრია უგრეხელიძე

სევრია უგრეხელიძე" გაყოფით ორივე მხარემ მომავალი არჩევნებისთვის პერსპექტივები ძალიან დაბლა დასწია

მიმაჩნია, რომ გაყოფით ორივე მხარემ ძალიან დაბლა დასწია პერსპექტივები მომავალი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფასა და მხარეების სამომავლო პერსპექტივებზე გააკეთა განმარტებები.

კითხვაზე, საბოლოოდ, რომელ მხარესთან გააგრძელებს თანამშრომლობას, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ „მხარეები ჯერჯერობით, ურთიერთლანძღვით არიან დაკავებულნი“, რის შესაბამისადაც არ გადაუწყვეტია, რა პოზიციას დაიჭერს.

„არ ვმალავ, პოზიცია ნამდვილად არ გამაჩნია. დაველოდები, სანამ მხარეები გამოავლენენ თავს. როგორც ახლა ავლენენ ურთიერთლანძღვით, ძირითადად, არ მომწონს. არც სალანძღავი სიტყვები, ბრალდებები მომწონს და არც გარიგებულად ვთვლი თავს ვინმესთან. მინდა დავაკვირდე, როგორ ჩამოყალიბდებიან, მალე თუ მიატოვებენ ერთმანეთის ლანძღვას და საქმით დაკავდებიან. შევხედავ, ვინ რა საქმით დაკავდება და როგორ განაგრძობს თავის მოღვაწეობას“, - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

მისივე განმარტებით, პიროვნული შეუთანხმებლობა არავისთან არ აქვს, მითუმეტეს, გიგი უგულავასთან, რადგან ის მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში და ერთად ახორციელებდნენ დედაქალაქისთვის სასიკეთო პროექტებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, როგორც სევდია უგრეხელიძემ განმარტა, მასთან ვერ ექნება პიროვნული შეუთავსებლობა გამომდინარე იქედან, რომ ექს-პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია და არც მისი ფავორიტი ყოფილა.

სევდია უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან გუნდად დარჩებოდა, „ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლოთ ოპოზიციური ფლანგიდანაც“.