მიშა დარჩა თავის აგრესიულ ჯგუფთან ერთად - ეს პროცესი, ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება

მიშა დარჩა თავის აგრესიულ ჯგუფთან ერთად - ეს პროცესი, ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება, დაიშალა 3-4 ნაწილად და საკმაოდ მტკივნეულად მიდის ეს პროცესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ზოგადად ოპოზიციურ პარტიებსა და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ პროცესს დასაბამი საპარლამენტო არჩევნებმა დაუდო. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ოპოზიციური პარტიების დაშლის პროცესი იანვარ-თებერვალში დასრულება.

„ალბათ, ბევრი ხალისობთ, ბევრი განიცდით იმას, რაც ხდება ოპოზიციურ ველზე. ფაქტობრივად, ოპოზიციური პარტიების დაშლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. საპარლამენტო არჩევნებმა დასაბამი დაუდო ოპოზიციური პარტიების დაშლის პროცესს და ვფიქრობ, იანვარ-თებერვალში დასრულება ოპოზიციური პარტიების (ყველაზე აქტიურ პარტიებს ვგულისხმობ) დაშლის პროცესი. მე არ ჩამოვთვლი იმ პარტიებს, რომლებმაც ეს მოასწრეს 2016 წლის გვიან შემოდგომაზე. კარგი თუ ცუდია, ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური, ძლიერი ოპოზიცია, მე ყოველთვის ვამბობ, რომ დემოკრატიულ განვითარებას, პრობლემების აქტუალიზაციას, ხელისუფლების ფორმაში ყოფნას ძალიან სჭირდება კვალიფიციური ოპოზიციის არსებობა. თუ კვალიფიციური ოპოზიცია არ გეყოლა, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ხელისუფლება მოდუნდება. დემოკრატიულ სისტემებში ყველა სახელისუფლებო პარტია ადრე თუ გვიან იყო ოპოზიციური პარტია, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ოპოზიციური სპექტრის არსებობა. აქ რაიმე ხელოვნური ჩარევა კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნებოდა. ბუნებრივი გადარჩევის პროცესი მიდის, ზოგიერთ პარტიაში ძალიან მტკივნეულადაც, ზოგიერთმა შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანა ეს პროცესი, მაგალითად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ერთ კვირაში დაასრულეს ეს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ - ერთ თვეში. ე.წ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება, დაიშალა 3-4 ნაწილად და საკმაოდ მტკივნეულად მიდის ის პროცესი, რომელსაც ყველა ვაკვირდებით. ჩემი პროგნოზი, რომ ისინი დაიშლებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არ გამართლდა. უფრო ადრე დაიშალნენ მესამე და მეოთხე ნაწილად, ვიდრე ველოდებოდი მე მათ ლოგიკურ დაშლას“, - განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ყველაგან, სადაც პარტიული დემოკრატია წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთ ქვაკუთხედს, არჩევნების შედეგები პარტიის მმართველობაში არსებული რგოლის თანამებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხს განსაზღვრავს.

„ჩვენთან არის ანომალია, რომ გვყავს რამდენიმე კაცი, რომლებიც მთელი ცხოვრება აგებენ არჩევნებს და მაინც პარტიის თავმჯდომარეები არიან, ამიტომაც მე მათ პარაზიტებს ვეძახი. რადგან შეუძლებელია წააგო არჩევნები და მაინც პარტიის ლიდერი იყო. ეს დაახლოებით იგივეა, რომ კომპანიაში მოიწვიოთ მენეჯერი, რომელსაც დაუსახავთ ამოცანას, რომ კომპანია ლოგიკურ მოგებაზე გაიყვანოს, მან კომპანია ზარალში ამყოფოს და მაინც ტოვებდე დირექტორის თანამდებობაზე. ეს ხომ აბსურდია, არალოგიკურია? - ეს პარტიული პარაზიტიზმი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არჩევნების შედეგები გავლენას ვერ ახდენდა პარტიების ლიდერების თანამდებობრივ პოზიციაზე, ნელ-ნელა იცვლება. ვფიქრობ, ერთი, მეორე და მესამე მაგალითი ამის ნიშანია“, - განაცხადა ქუცნაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში კონფლიქტი განვითარდა არა მარტო იმაზე, ვინ იქნებოდა ლიდერი, არამედ მთავარზე - ვინ რა გზას ირჩევდა მიზნის მისაღწევის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯგუფი აგრესიული, ძალადობრივი გადაწყვეტების მომხრე ფრთაა, ხოლო დანარჩენები არიან საარჩევნო გზით პოლიტიკაში ყოფნის გზის მომხრეები.

„ეს ორი განსახვავებული შეხედულება შეეჯახა ერთმანეთს. ჩვენი როლი ამ საქმეში მხოლოდ ერთ რამეში გამოიხატება, ჩვენ მივეხმარეთ მათ გაეაზრებინათ, რომ ნებისმიერი სისტემის და მმართველობის დამარცხება შესაძლებელია არჩევნების გზით და ამის მაგალითი იყო 2012 წლის პირველი ოქტომბერი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დეპუტატის განმარტებით, შეიძლება დამწყებ პოლიტიკოსს ეპატიოს ის, რომ ერთი-ორი არჩევნები წააგოს და მას არ მოსთხოვო პარტიის ხელმძღვანელობის დატოვება, „მაგრამ როდესაც 20-25 წელია ხარ პოლიტიკაში და აგებ არჩევნებს, ამ შემთხვევაში პასუხი უნდა აგო“.

„თუ საკუთარ თავს არ გამოუტან სამართლიან მისაგებელს, ამას გამოგიტანენ შენი პარტიის წევრები და მემგონი, გამოუტანეს კიდეც - სიაში შეიყვანეს თავისი ხალხი და დარჩა მიშა თავის აგრესიულ ჯგუფთან ერთად მცირე რაოდენობით. ეს პროცესი, ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება იმიტომ, რომ გამორიცხულია, მათ შეძლონ ამომრჩევლების ხმების კონსოლიდირება ამ ორ სუბიექტიანი შეჯიბრის დატოვების შემთხვევაში. როგორც ირმა ინაშვილმა წაართვა ამომრჩეველი ნინო ბურჯანაძეს და ბურჯანაძე ბარიერს მიღმა დატოვა, ასევე ამ ორი ჯგუფიდან რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს. მათ ერთი ამომჩეველი ჰყავს, ამიტომ ან ერთმა უნდა წაართვას ამომრჩეველი, ან მეორემ. ასე რომ ეს ორი ჯგუფი ალბათ, მრავალი თვის განმავლობაში იქნება დაპირისპირებულ რეჟიმში და პოლიტიკის კანონი გვკარნახობს, რომ რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს რომელიღაცაზე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, რომ ორივე მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ორივე დადგება დამარცხების რისკის ქვეშ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.