თუკი ვინმეს სურს მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება, ამაში ”ნაცმოძრაობიდან” წამოსული პირები ხელს აღარ შეუშლიან

თუკი ვინმეს სურს მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება, ამაში ”ნაცმოძრაობიდან” წამოსული პირები ხელს აღარ შეუშლიან

ერთი რამ ცხადია, როცა ერთი გუნდის შიგნით არსებობს განხვავებული აზრი როგორ, რა მეთოდით, რა ტაქტიკითა და სტატეგიით უნდა ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, უკეთესია, ამ დაპირისპირებულმა გუნდებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და ხალხის სამსჯავროზე დამოუკიდებლად გავიდნენ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, თუკი ვინმეს სურს მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება, ამაში ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული პირები ხელს აღარ შეუშლიან, რაც თითქოს და, ასე ჩანდა. ჭიაბერაშვილის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ.

“ზოგადად, ვფიქრობ, წარსულზე დებატებს უნდა შევეშვათ. გვაქვს განსხვავებული აღქმა იმისა, რა და როგორ იყო განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით. ტაქტიკური განსხვავებები ადრეც იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარს თავი უნდა დავანებოთ. ჩვენ ყველანი ერთ რამეზე ვთანხმდებით: - ივანიშვილის რეჟიმის ყოველი დღეს არის ქვეყნის უკანდახევა კატასტროფისკენ. ამიტომ საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ივანიშვილი რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს მმართველობას და ქვეყანას ჰყავდეს დემოკრატიუყლად არჩეული ახალი ხელისუფლება. ჩვენ, ის ხალხი, ვინც დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას გადავედექით, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ბრძოლის ყველა ლეგიტიმური ხერხით - მათ შორის პარლამენტში მოღვაწეობით”, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რამდენად აღმოჩნა პარტიაში წყალგამყოფი საკითხი იმის შესახებ, რომ თუკი არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობა” მისთვის არასასურველ შედეგს მიიღებდა, პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით განვითარებულიყო, ჭიაბერაშვილმა განმარტა, რომ პარტიამ ხმები დაიცვა და არავის არჩევნების შედეგი არ ჩაუბარებია.

”თუკი ”ვარდების რევოლუციის” ანალიზს გავაკეთებთ, მაშინ მოხდა ის, რომ ხალხს არჩევნები მოპარეს და ხალხმა ქუჩაში გამოსვლის გზით არჩევნები დაიბრუნა, რაც სრულიად ლეგიტიმურია, როცა არჩევნებს იპარავენ. 2016 წლის არჩევნები არც დემოკრატიული იყო, არც თავისუფალი და სამართლიანი, რადგან უპრეცედენტო ძალადობის, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა, მაგრამ აქ მთავარი კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, შესძლო თუ არა პარტიამ ამომრჩევლის მიერ მიღებული ხმების დაცვა. ვფიქრობ, რომ პარტიამ ხმები დაიცვა და არავის არჩევნების შედეგი არ ჩაუბარებია. ჩვენ დავიცავით ყველა ის ხმა, რაც არჩევნებში მივიღეთ და არა მგონია, ახლა არსებითი იყოს იმაზე კამათი, შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტი ხმის მიღება”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.