მანუელ ვალსი:   ტრამპსა და პუტინს შორის ალიანსი მსოფლიოს დასასრულია

მანუელ ვალსი: ტრამპსა და პუტინს შორის ალიანსი მსოფლიოს დასასრულია

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფრანგი მემარცხენეების შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი მანუელ ვალსი ევროკავშირის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

„მსგავსი არასოდეს მომხდარა აშშ-სა და ევროპას შორის. ამერიკა ევროპის მოკავშირეა და საჭიროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა აჩვენოს ეს“, - განაცხადა მანუელ ვალსმა ფრანგული ტელეარხისთვის BFMTV მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ბევრი ფიქრობდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი დაწყნარდებოდა, თუმცა, „პოპულისტს სურს თავისი პროგრამის განხორციელება“.

„ის, რაც მან განაცხადა პროვოკაციაა, ეს ევროპისთვის ომის გამოცხადებაა. ის სთავაზობს ევროპის გახლეჩვას. ასევე არ დავივიწყოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავდაცვა. ეს განსაკუთრებით სერიოზულია“, - აღნიშნა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მანუელ ვალსის თქმით,„ალიანსი ტრამპსა და პუტინს შორის მსოფლიოს დასასრულია“.

გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ დააძალებდნენ დევნილების მიღებას, ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გავიდოდა. ეს უკანასკნელი წვეთი იყო. ხალხს სურს საკუთარი იდენტურობის შენარჩუნება და თუ მკითხავთ გეტყვით, რომ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ბრიტანეთს“.