პოლიტიკოსები უნდა ერიდებოდნენ გარკვეული თემების გასკანდალებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ შეაფასა საკონსტიტუციო კომისიის დაგეგმილი სხდომა, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ახლა ნაადრევია, ვინაიდან არსებობს შეთანხმება, რომ განცხადება გაკეთდება კომისიის თავმჯდომარის მიერ.
”გარკვეული მონახაზები გაგვაჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არავითარი თავდაპირველი დოკუმენტი არ დაიდოს სახელისუფლო პარტიის მიერ და ეს მართებულიც არის. უნდა შევხვდეთ, ყველას მოსაზრება გავიზიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვხატოთ პოზიცია. წინასწარ ვერც იმას გეტყვით, რომ უმრავლესობის გუნდში სხვადასხვა მოსაზრებები არ არის გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. მთავარია, რომ მარტო საქართველოში არ არის ალბათ ასე, რომ პოლიტიკოსები უნდა ერიდებოდნენ გარკვეული თემების გასკანდალებას”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატის განმარტებით, გუნდში არსებობს მოსაზრებები გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.
ვოლსკის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომისიის შექმნა, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის საფუძველს აძლიერებს.
რაც შეეხება წინა კომისიის მუშაობას, დეპუტატის თქმით, ის კომისიის სხდომაზე ყოველთვის მიდიოდა, „რამდენჯერაც დაურეკეს“. ვოლსკი არ ფიქრობს, რომ კომისიის არაეფექტურობა დისციპლინის პრობლემა იყო.
”არ არის მხოლოდ დისციპლინაზე საუბარი, უნდა შედგეს დისკუსია. შეიძლება დროის ფაქტორიც იყო. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემები იყო წამოწეული, მაგრამ კომისიამ დატოვა რაღაც საკითხები, რომლებიც შეიძლება პოზიტიურად იყოს გამოყენებული. მასალები არსებობს, უნდა წაიკითხო. ახლა რასაც გელაპარაკებით, მეორე წუთში ის ჩემთვის გამოცდილებაა. თუ მასალა დევს საინტერესო აზრებით, რატომაც არა. მე მაქვს, მაგალითად, შენახული ის პროექტები, იდეები და წინადადებები და როცა კომისიის სხდომაზე მივალ, გამოვიყენებ ამ წინადადებებს. შეიძლება არ ვთქვა, რომელი სად და ვინ თქვა, მაგრამ მაინც”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს დაინიშნა.