„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს

„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, პარტიის ყრილობის საორგანიზაციო კომისიის მუშაობა დასკვნით ფაზაში შევიდა. მისი თქმით, ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა.

ნინო კალანდაძის ინფორმაციით, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე, ასევე სხვა მმართველობითი თანამდებობები.

”მთავარი აქცენტები გაკეთდება თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას”, - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება პოლიტიკური რეპრესიები და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს.

რაც შეეხება გენერალური მდივნის თანამდებობას, რომელსაც ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილი იკავებს, კალანდაძის თქმით, ვინაიდან მერაბიშვილის არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, ის დარჩება თავის თანამდებობაზე და არ ჩატარდება გენერალური მდივნის არჩევნები.

”ვანო მერაბიშვილს პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამას ვიღებთ მოცემულობად, გენერალური მდივნის არჩევნები არ დადგება დღის წესრიგში. ვანო მერაბიშვილი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, თუმცა დელეგირებულია მისი უფლებები. ამ უფლებამოსილების დელეგირება კვლავ მოხდება”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი. როგორც კალანდაძე აღნიშნავს, პარტიაში არის 35 000 რეგისტრირებული წევრი და ვინაიდან, მათი უმრავლესობა გამოთქვამს სურვილს ყრილობაზე დასწრების, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება.