რევაზ არველაძე:  საუბარი იმაზე, რომ დროულად მოვიშოროთ ივანიშვილის რეჟიმი, ჩემი აზრით, ცოტა მკრეხელურია

რევაზ არველაძე: საუბარი იმაზე, რომ დროულად მოვიშოროთ ივანიშვილის რეჟიმი, ჩემი აზრით, ცოტა მკრეხელურია

ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული არც ერთი წინადადება განსახილველიც არ არის, ვინაიდან, ეს ყველაფერი ემსახურება ხელისუფლებისთვის, ანუ ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ ”ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებული პროცესების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც რევაზ არველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან ღიად განაცხადეს, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას.

”მე მგონი, ეს ყველას კარგად გვაქვს მოსმენილი. ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება დიდწილად, თუ ყოველთვის არა, ეს არის ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ერთადერთი ვურჩიო ჩვენს ხელისუფლებას, როგორც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას, რომ არც ერთი წინადადება განსახილველიც კი არ არის ოპოზიციის მიერ დაყენებული, ვინაიდან, ეს ყველაფერი ემსახურება ზიანის მიყენებას ხელისუფლებისთვის, ანუ ჩემი აზრით, ქვეყნისთვის”, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობაში.

”ბიძინა ივანიშვილი, მე ყოველ შემთხვევაში, არც მინახავს, არც ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს როგორი კაცია, რას აკეთებს. საუბარი იმაზე,რომ ის არის არაფორმალური მმართველი, მე, ყოველ შემთხვევაში, არ მინახავს მისი რაიმე არაფორმალური მმართველობა. მე მგონი, ის არ ერევა საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობაში და იმაზე საუბარი, რომ დიდი ზიანი უნდა მივაყენოთ ხელისუფლებას, რათა დროულად მოვიშოროთ ივანიშვილის რეჟიმი, ჩემი აზრით, ცოტა მკრეხელურია, იქედან გამომდინარე, რომ ამ ხალხს სიტყვა „რეჟიმის“ ხმარების უფლება არ უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა რევაზ არველაძემ.