ასეთი პროცესები, როდესაც მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანში, ოლიგარქი არ შეიძლება, რომ არ ჩაერიოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ჩარევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს სურდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება და ძნელია ვერ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი „ნაციონალური მოძრაობიდან გარკვეული ჯგუფის გასვლასა და ივანიშვილის ინტერესებს შორის.
„ვის უნდა საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება?! - ივანიშვილს და მის პატრონებს ჩრდილოეთში. ეს იყო მათი დეკლარირებული მიზანი. ძნელია არ დაინახო პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რაც მოხდა და რაც განხორციელდა, მას შორის. ვინ ჩაფლავდა ყველაზე მეტად იმით, რომ ვერ წაგვართვეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ვერ ჩამომაშორეს ამ პარტიას?! - რა თქმა უნდა ივანიშვილი. პატარა ბავშვიც კი ხვდება ამას. ვიღაცამ ნებით ითამაშა ეს თამაში, ვიღაცამ უნებლიედ, ვიღაცის ინტერესები დაემთხვა, ეს სხვადასხვა თემებია. მე ვცხოვრობ უკრაინაში. ჩვენ გვებრძვის მინიმუმ 7-8 ოლიგარქი ივანიშვილისხელა და მასზე დიდებიც. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ მოქმედებენ ოლიგარქები. თუკი რამე არ ვიცოდი, აქ უკვე ზეპირად ვისწავლე. ასეთი პროცესები როდესაც მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანში, ოლიგარქი არ შეიძლება, რომ არ ჩაერიოს. აუცილებლად ჩაერევა. მით უმეტეს ოლიგარქი, რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, ყველანაირი მანიპულაციები განახორციელოს, მოგისყიდოს... მე ვერავის ხელს ვერ დავადებ. ჩემი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩამოშორება შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში. ინტერესები თუ დაემთხვა, სამწუხაროა, თუ ვინმე ნებით მუშაობდა ამაზე, ეს კიდევ უფრო მძიმეა, თუმცა არც პირველია და არც უკანასკნელი, ჩემი გრძელი კარიერის განმავლობაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.