მიხეილ სააკაშვილი - 500 000-ზე მეტი ამომრჩევლიდან ერთმა მაინც იცოდა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხმას აძლევდა პარტიას „ევროპული საქართველო“?

მიხეილ სააკაშვილი - 500 000-ზე მეტი ამომრჩევლიდან ერთმა მაინც იცოდა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხმას აძლევდა პარტიას „ევროპული საქართველო“?

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მონაწილეობდა არჩევნებში, არ ჰქონდა. 

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ ამომრჩეველს არ ჰქონია ინფორმაცია, რომ ამ პარტიასთან ერთად ხმას აძლევდა არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შექმნილ პარტია „ევროპულ საქართველოს“. 

„არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შეიქმნა პარტია „ევროპული საქართველო“. მე არ ვიცოდი, რომ ეს შეიქმნა. გიგი წერეთლის მამაზე დაარეგისტრირეს რაღაც პაარტია, რომელზეც გადააფორმეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფულის ნახევარი თუ ნახევარზე მეტი, გადააფორმეს საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლები და ბევრი სხვა რაღაცა. ეს იყო გამზადებული პლატფორმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში. მოდით ახლა ვიკითხოთ - 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ერთმა ამომრჩეველმა მაინც იცოდა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხმას აძლევდა პარტიას ასეთი დასახელებით - „ევროპული საქართველო“? მე არ ვიცოდი. ხმას არ ვაძლევდი, მაგრამ მე ვაგიტირებდი „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთმა მაინც იცოდა, რომ ეს ხმები ჩაეთვლებოდა „ევროპულ საქართველოსაც“? არის პირველი დიდი ტყუილი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარვე იყო საუბარი, რომ სააკაშვილი იყო მთავარი პრობლემა, თუმცა ღიად საუბარი არჩევნების შემდეგ დაიწყო.

„იძახდნენ, რა პრობლემაა, მიშას პირიქით ჩვენ ვაღიარებთ, ახლა თქვეს, რომ მიშა არის მთავარი პრობლემა. წინასწარვე იყო ამაზე საუბარი და შემდეგ ამის აღიარება მოხდა ღიად. ამიტომ ვიძახი, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი, რომელიც მათ შორის მე ჩამიტარეს. ეს ხალხი, რბილად რომ ვთქვა, ამომრჩეველს მიუდგა არაკეთილსინდისიერად, თუმცა საბოლოო ჯამში ისევ შეხვდება ამ ამომრჩეველს და ხალხს ეს არ დაავიწყდება. ამომრჩეველი, რბილად რომ ვთქვათ, გადააგდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.