მიხეილ სააკაშვილი:  ხალხმა დაინახა იმ წლებში რას მივაღწიეთ ჩვენ, საამაყო 9 წელიწადში

მიხეილ სააკაშვილი: ხალხმა დაინახა იმ წლებში რას მივაღწიეთ ჩვენ, საამაყო 9 წელიწადში

მსოფლიო პოლიტიკაში ჯერ არავის გაუუქმებია ლიდერობის ინსტიტუტი. ლიდერი ხელოვნურად არ ხარ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

პარტიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მისი გვერდზე გაწევის ინიცირება მოხდა, ამას პარტიის აქტივის აღშფოთება და გააქტიურება მოჰყვა.

”მე რომ ერთი წუთით მაინც მეგრძნო, რომ ჩვენს მრავალათასიან აქტივს, არა რომელიმე ცალკე აღებულ ძველ თანამებრძოლს ან ახალგამოჩეკილ დეპუტატს, არამედ რეალურად აქტივს, რომელიც ჩვენს უკან დგას, რომელმაც იშრომა, გარისკა, რომელიც სამსახურიდან გააგდეს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს, რომელსაც 2012-ში უბრალოდ სახეში აფურთხებდნენ, მათ შორის საკუთარი მეზობლები იმ პროპაგანდისა და ტყუილების მორევის გამო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო აგორებული, მე რომ ერთი წუთით მეგრძნო, რომ ამ ხალხს მე აღარ ვუნდივარ, ვერავინ დამასწრებდა იმას, რომ მეთქვა - მე აღარანაირ კავშირში აღარ ვარ და გავდივარ გვერდზე. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იმ პირობებში, როდესაც მე ხმა არ ამომიღია და მოხდა იმის ინიცირება, რომ სააკაშვილი გავწიოთ გვერდზე, მოხდა ამ ჩვენი აქტივის აღშფოთება და აქტიური რეაქცია. ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი პიროვნულად მე კი არ მემხრობა, ეს ხალხი ემხრობა იდეას. ამ იდეაში მათ ჩემი დახმარება სჭირდებათ, რადგან დაინახეს იმ წლებში რას მივაღწიეთ ჩვენ, საამაყო 9 წელიწადში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.