ადამიანურად გული მწყდება ხანდახან, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას

ადამიანურად გული მწყდება ხანდახან, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას

ადამიანურად გული მწყდება ხანდახან, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში იმ საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუ როგორ უყურებს ადამიანურად პარტიის წევრების „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლას, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

სააკაშვილის თქმით, როდესაც ადამიანი გადააბიჯებს წითელ ხაზებს, იქ მთავრდება ყველაფერი. „მე არასდროს მეგობრობას არ ვურევდი სახელმწიფო საქმიანობაში. ჩემი მთავარი ძალა ეს არის. ჩემთვის არაფერს ნიშნავს მეგობრობა. ამისთვის მაკრიტიკებდნენ, ივანიშვილი მაგას მინუსად მითვლიდა, მაგრამ მე არასდროს მიმაჩნდა, რომ პიროვნული ურთიერთობები უნდა დავაყენოთ მაღლა სახელმწიფოსა და იდეაზე. მე არც ჩემი ნათესავების დიდი ნაწილი არ მელაპარაკებოდა ამის გამო. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, რომ ჩემი ნათესავები სათოფეზე არ გაეკარებინათ თანამდებობასთან, ფულის კეთებესთან და იმასთან, რომ ჩემს გამო არიან წარმატებულები. ადამიანურად გული მწყდება ხანდახან როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას. რა თქმა უნდა დამრჩა მეგობრები წასულებს შორის, მაგრამ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობ. იდეა არის სახელმწიფოებრივი და პირადი ურთიერთობების ადგილი თუ არის, როცა ყველაფერს მოვრჩებით ყვარელში, რთველის დროს, სუფრაზე, თუმცა, იმის იქით სახელმწიფო უწყებებში... ბევრმა მეგობარმა, რომლების ბავშვებიც მყავს მონათლული და ახლოს ვიყავი, როგორც კი გადააბიჯა წითელ ხაზს, გულმა გაუწია კორუფციისკენ ან სახელმწიფო საქმეს აზიანებდნენ, იქ ყველაფერი მთავრდებოდა და უკანა პლანზე გადადიოდა ყოველთვის. ეს ეხებოდა ძალიან ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლებს შორის. რაც მოხდა, მოხდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი თანაგუნდელების გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა რწმენა იდეის და გამარჯვების. „პარტია არ არის ბიუროკრატიული ორგანიზაცია. ეს არ არის ფინანსური ორგანიზაცია. პარტია არის იდეის გარშემო გაერთიანებული ხალხი. მე დამრჩა შთაბეჭდილება და ასე ხდება ხოლმე რთულ სიტუაციებში, რაღაც ნაწილმა ჩვენი თანაგუნდელების დაკარგა რწმენა იდეის, რწმენა გამარჯვების, დაკარგა რწმენა იმის, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით, შესაძლოა არც არასდროს სჯეროდა ამის. ასეთი ხალხი ჯობია პარტიაში არ იყოს. ხშირად იყო საუბარი შერიგებაზე, მაგრამ ასე არ ხდება. პარტია არის ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომ შეცვალოს არსებული რეალობა. ეს შესაძლებელია თუ ის არის იდეურად სუფთა, დარწმუნებული, რასაც აკეთებს და თუ ის მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. იქ შიგნით მუდმივად გარკვევები როდესაც არის და ხალხი მთავარ რამეზე ვერ თანხმდება და ეს არის იდეა, პრაქტიკულად ეს აზარალებდა პარტიას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მათი გასვლა დადებითი მოვლენაა. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, გამარჯვების და ვისაც გვჯერა, ის უნდა გავატაროთ. ის ნაწილი, პლასტი, რომელიც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა. ეს არის დადებითი პროცესი, მე ამას სხვანაირად ვერ შევხედავ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.