საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ‘ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოკერია-უგულავას ჯგუფის გასვლას დადებითად აფასებს.
როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, აღნიშნულმა ჯგუფმა ვერ მოახერხა განახლება და ვერ მოერგო პარტიულ და ოპოზიციურ მოღვაწეობას. „მართალი გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციის და დაჭაობების ნიშნები. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ის ხალხი, ვინც იყო ხელისუფლებაში, ძალიან ძნელად გადადის სხვა მდგომარეობაში. ეს არის ოპოზიციური მდგომარეობა. ის ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ისინი ბოლომდე ვერასდროს მოერგნენ ხელახალ პარტიულ, ოპოზიციურ მოღვაწეობას. ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა განახლება, ჩამოშორდა პარტიას და ეს არის დადებითი პროცესი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველად არ მომხდარა. „ეს პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველად არ მომხდარა. „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიის განმავლობაში რაღაც ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება. განვითარების პროცესში რაღაც უჯრედები კვდებიან, რაღაც ახალი უჯრედები იბადებიან. ეს არის განახლების პროცესი“, - განაცხადა სააკაშვილმა.