”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია პარტიის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას ემიჯნება და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში.
როგორც ”ნაცონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სერგო რატიანის მიერ დემოკრატიული წესით განსაზღვრული ყრილობის იურიდიულ "ლაფსუსებზე" საუბარი, იმ ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია, რა ღირებულებებზეც იდგა და დგას ”ნაციონალური მოძრაობა”.
”დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, კვლავ დადგა ისტორიული არჩევანის წინაშე... დღეს, როდესაც რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა, გაყალბებული არჩევნები, კიდევ ერთხელ გვიქმნის რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნის საფრთხეს.... ქვეყანაში დასავლური ღირებულებების მქონე ერთადერთი მთავარი ოპოზიციურ ძალა, რომელსაც მართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა - წინ აღუდგეს ამ ყველაფერს - გახლავთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
სამწუხაროა, როდესაც ამ პარტიის ვიწრო ჯგუფი, მათ შორის აღმასრულებელი მდივანი, ცალსახად ეჭვქვეშ არ აყენებს 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას და მიგვანიშნებს 20 იანვრის ყრილობის "იურიდიულ ჩიხზე".
მიგვაჩნია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ამომრჩეველთა პარტია და აქ გადაწყვეტილებას იღებს მისი უზენაესობა- ხალხი.
მიგვაჩნია, რომ ენმ-ის ყველაზე მთავარი ღირებულება, ეს არის დემოკრატიული პროცესები, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ჩვენი პარტიის ყველა წევრი, მიუხედავად მისი რეგალიისა თუ სტატუსისა.
2016 წლის 30 ნოემბერს პოლიტსაბჭომ განსაზღვრა ყრილობის ჩატარების წესი და თარიღი!!!
დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ამ დემოკრატიული წესით განსაზღვრული ყრილობის იურიდიულ "ლაფსუსებზე" საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, იმ ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია, რა ღირებულებებზეც იდგა და დგას ჩვენი პარტია...
"ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია ცალსახად ემიჯნება ამ განცხადებას და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში.
ერთადერთი ძალა, რომელიც დაასრულებს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ქვეყანაში, გახლავთ მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , რომლის ყრილობაც გაიმართება 20 იანვარს, სრულიად კანონიერად და სამართლიანად.
ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების აზრს და არ შეაფერხებთ პროცესებს, ვინაიდან დრო არ ითმენს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, - ნათქვამია ”ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის განცხადებაში.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა. სერგო რატიანი წერს, რომ ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით და ის ვერ იქნება ლეგიტიმური.