თუ რამდენიმე ადამიანი პარტიიდან წასვლას გადაწყვეტს, „ნაცმოძრაობა“ არ დაიშლება

თუ რამდენიმე ადამიანი პარტიიდან წასვლას გადაწყვეტს, „ნაცმოძრაობა“ არ დაიშლება

„ნაციონალური მოძრაობა“ არაერთხელ დაუტოვებიათ მის წევრებს, თუმცა პარტიას საფრთხე არ შექმნია, პარტიის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება არც ამჯერად, - ამის შესახებ „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის - გაიყოფა თუ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ განუცხადა.

როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, პარტიაში არის 33 000-ზე მეტი რეგისტრირებული დელეგატი, 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი და რამდენიმე ადამიანის წასვლა პარტიის ერთიანობას საფრთხეს არ შეუქმნის.

„პარტიის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება, პარტიაში არსებობს 33 000-ზე მეტი რეგისტრირებული დელეგატი ანუ წევრი, პარტიას ჰყავს 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი. „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლა არ ემუქრება. „ნაციონალური მოძრაობა“ იფუნქციონირებს ისე როგორც არის, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის 60 კაცი, პარტია არ არის 7-კაციანი სამდივნო. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება თუ არა პოლიტსაბჭოს 20 წევრი პარტიაში, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ საფრთხეს არ უქმნის. პარტიიდან სამწუხაროდ, წასულან მისი წევრები, გვახსოვს 2004 წლიდან მოყოლებული და უახლოესი მაგალითებიც, მაგალითად, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე, ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაშლილა და არც ახლა დაიშლება თუ რამდენიმე ადამიანი პარტიიდან წასვლას გადაწყვეტს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.