უსუფაშვილის განცხადება არ არის პროგნოზი - ეს არის პრეზიდენტისადმი მოწოდება, რომ ვადაზე ადრე გადადგომის ნაბიჯი გადადგას

უსუფაშვილის განცხადება არ არის პროგნოზი - ეს არის პრეზიდენტისადმი მოწოდება, რომ ვადაზე ადრე გადადგომის ნაბიჯი გადადგას

პრეზიდენტის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არ არის პროგნოზი - ეს არის პრეზიდენტისადმი მოწოდება, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ იცის, როგორ დასრულდება პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ მსჯელობა. ვოლსკის თქმით, შესაძლო ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელი საზოგადოების დამოკიდებულებაა.

”დავით უსუფაშვილის საქმიანობას და ხედვებს, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, ადამიანის, ყოველთვის დადებითად ვაფასებდი, თუმცა ჩვენს შეხედულებებს შორის გარკვეული სხვაობები იყო. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ასეთი პოზიცია, იმის მიუხედავად, რომ ის პრეზიდენტის მხრიდან გაზიარებული არ არის, საკითხის მიმართ საკმაოდ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას გამოხატავს. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ვირტუალურადაც რომ დავუშვათ, რასაკვირველია, ეს სახელმწიფოს არ წაადგება. მე არ მგონია, რომ დავით უსუფაშვილის გამოხატულმა პოზიციამ გარკვეულ პროცესებს დაუდოს სათავე, მაგრამ თავად პოზიცია, ხედვა და დამოკიდებულება, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანის არ არის. ასეთი რამ რომც დავუშვათ, ეს არის დაპირისპირების, ჯინში ჩადგომის აქტი. მოწოდება და არა პროგნოზი გადადგომის, ახალი დაპირისპირების შექმნის შესახებ, არ არის კონსტრუქციული და ქვეყნის ინტერესებით განპირობებული”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს.

როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი - 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.

უსუფაშვილის აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა ”ქართული ოცნების” გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.