ბარაკ ობამა გუშინ დაბრუნდა ჰავაიდან, სადაც მან საშობაო შვებულება გაატარა. მომხრეებისათვის გაგზავნილ იმეილში პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მშობლიურ ჩიკაგოში დაგეგმილ ბოლო მიმართვაში ის გამოხატავს მადლიერებას ამერიკელებისადმი, რომლებმაც პრეზიდენტს მუშაობის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მისცეს, საკუთარი თავი არ დაზოგეს ბოლო რვა წლის მანძილზე ქვეყნის გაუმჯობესებისთვის. ობამას თქმით, ბოლოს იტყვის იმასაც, თუ როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს.
როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია წერს, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პატიმრობაში მყოფ იმ ნარკოდამნაშავეებს შეიწყალებს, რომლებიც, მისი აზრით, ზედმეტად მკაცრ სასჯელს იხდიან. მან, ასევე, შესაძლოა რამდენიმე საპრეზიდენტო განკარგულებაც გამოსცეს, რათა შექმნას მექანიზმი, რომელიც მისი მხარდაჭერილი პოლიტიკის ბოლომდე გატარებას უზრუნველყოფს, მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეა.
ხვალ კი ბარაკ ობამა კონგრესში, დემოკრატიული პარტიის წევრებს შეხვდება, რათა შეიმუშავონ სტრატეგია, რომელიც ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმების პრევენციას მოახდენს. “ობამაქეარი”დონალდ ტრამპის მიერ დაუყოვნებლივ გასაუქმებელ ზომებს შორის არის მოაზრებული.
ბოლო საუკუნის მანძილზე, ბარაკ ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ ვაშინგტონში დარჩება. ობამები 20 იანვრის შემდეგ ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში გადასახლდებიან, სადაც ბარაკ და მიშელ ობამა 2019 წლამდე დარჩებიან. სწორედ ამ დროს დაამთავრებს მათი უმცროსი ქალიშვილი საშა საშუალო სკოლას.