ნატოს 2017 წლის სამიტი ჯერ დაგეგმვის პროცესშია. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია, ისევე, როგორც, დადგენის პროცესშია, საბოლოო ფორმატი, - ასეთი განცხადება გააკეთეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 2017 წლის ნატო-ს სამიტში საქართველოს მონაწილეობის თემის კომენტირებისას.
უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე, ნატოს ხედვაა, რომ სამიტი იქნება დახურული არაწევრი ქვეყნებისთვის, და, შესაბამისად, შეკრებაში მონაწილეობას მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.
„ქართული მხარე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 2017 წლის სამიტში. იმ შემთხვევაში, თუკი სამიტის ამ დრომდე არსებულ ფორმატში, კორექტირება შევა, შეკრებაში მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლევანდელი წელი საქართველოსა და ნატოს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან დატვირთული იქნება. ,,ველოდებით რამოდენიმე მაღალი დონის ვიზიტს. საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს უმასპინძლებს. საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესია თბილისში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღებას გენერალური მდივანიც გეგმავს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თავის სესიას პარტნიორ ქვეყანაში ჩაატარებს. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე", - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.