არ გამოვრიცხავ, როგორც მოქალაქე და პოლიტიკური ლიდერი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში აქტიურად ჩავერთო

არ გამოვრიცხავ, როგორც მოქალაქე და პოლიტიკური ლიდერი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში აქტიურად ჩავერთო

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიურ ჩართვას არ გამორიცხავს.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრას” განუცხადა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში მიუკერძოებელი ექსპერტის რანგში ვერ მიიღებდა მონაწილეობას.

”კონსტიტუციას ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მთავარი ადგილი ეჭირა და მომავალშიც ასე იქნება, თუმცა ასეთ საქმიანობაში ჩართვას თავისი წესი და ფორმატი აქვს. უახლოეს მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ვგეგმავ, ამიტომ საკონსტიტუციო კომისიაში მიუკერძოებელი ექსპერტის როლში ვერ ვიქნებოდი. როდესაც ირაკლიმ (კობახიძე) დამირეკა, მასაც სიტყვასიტყვით ავუხსენი - არც ჩემგან და არც მისგან არ იქნებოდა ლამაზი, რომ კომისიაში სპეციალური კრიტერიუმით ჩავრთულიყავი, თანაც ჩემი პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე, უხერხულობას შევუქმნიდი ირაკლისაც. მიუხედავად ამისა, ყურადღებით დავაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, როგორც მოქალაქე და პოლიტიკური ლიდერი, აქტიურად ჩავერთო განხილვებში”, - განუცხადა უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრას”.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ როცა წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, ”ქართული ოცნება” აზრზე არ იყო, რა სურდა კონსტიტუციისგან”. უსუფაშვილი აზრით, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წინამორბედი კომისიის მუშაობა სათანადოდ ვერ წარიმართა.

”პარტიაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა ჰქონდათ, მათ შორის ირაკლი კობახიძეც იყო, თუმცა საბოლოოდ, ”ქართულმა ოცნებამ” მაინც ვერ შეძლო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წინამორბედი კომისიის მუშაობა სათანადოდ ვერ წარიმართა. მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში საკონტიტუციო ცვლილებებს ფართო კონსენსუსი სჭირდებოდა არა მხოლოდ კოალიციისგან, ”ნაციონალური მოძრაობისგანაც”, რაც პოლიტიკური დაპირისპირების სიმძიმის გამო ვერ მოხერხდა. დღეს სხვა ვითარება გვაქვს - საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, თუმცა ამასობაში მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდით: - ”ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ცვლილებების მიღება არ გაუჭირდება - შეუძლია საკითხი დასვას და კენჭისყრაზე დააყენოს, დანარჩენი მოგვარებულია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.