ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლო კოალიციაში შესვლა იქნება

ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლო კოალიციაში შესვლა იქნება

შიშველი ხელებით მოვდივარ და საქმეს ნულიდან ვიწყებ - ვისაც უფრო ეჩქარება ან საკუთარი გარჯის ნაცვლად, სხვისი ”ჯადოსნური ჯოხის” იმედი აქვს, ვთხოვ, ნუ გამოგვეხმაურება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, ახალ პოლიტიკურ პროექტზე თანამოაზრეებთან და პოლიტიკურად არცთუ აქტიურ ადამიანებთან ერთად, ბევრს საუბრობს.

”ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლო კოალიციაში შესვლა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ამ მთავარ ამოცანას - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში. გვაქვს გათვალა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პიკს არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე მიაღწიოს, ბოლო წელიწადნახევარი კი, აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვგეგმავთ. ვინც ამ პოლიტიკურ პროექტს შემოუერთდება, მზად უნდა იყოს შავი და უმადური საქმის გასაკეთებლად - ჯერ კარგად გავარკვიოთ, რისთვის გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა და მერე დავსვათ კითხვა, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თავად პარტია არც თებერვალში დაფუძნდება და არც მარტში.

”თებერვალში საზოგადოებას ვამცნობთ მოქმედების კონკრეტულ გეგმას, პრიორიტეტებს, პრინციპებს და ასე შემდეგ. დაახლოებით ამ დროიდან დავუბრუნდები პირადად მეც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. მთავარი კი ის იქნება, რომ ეს არც უსუფაშვილის პარტია იქნება და არც მისი დამფუძნებლების. საუბარია პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ორინტირებული იქნება მუდმივ გაფართოებაზე არა მხოლოდ ჯარისკაცების, არამედ ოფიცრებისა და გენერლების დონეზე - სხვადასხვა რანგის პოლიტიკურ ლიდერებს ვგულისხმობ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.