ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში კარგ პოლიტიკურ კლიმატს, სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას, მედიის თავისუფლებას - ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სენატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა.
”შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ჩვენს მეგობრებთან ოპოზიციურ პარტიაში. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში კარგ პოლიტიკურ კლიმატს, სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას, მედიის თავისუფლებას, მაგრამ ასევე ერთგულნი ვართ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსთან, საქართველოს სამხედრო გაწვრთნას და შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში და ქართველებს, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორებს განვიხილავთ. ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცები დიდ სამუშაოს ასრულებენ ავღანეთში”, - განაცხადა მაკკეინმა.
ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ემი კლობუჩარი და ლინდსი გრემი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და სერგი კაპანაძეს შეხვდნენ.