ადმინისტრაციული კოდექსის სატრანსპორტო ნაწილი კვლავ დიდი განსჯის საგანია. დეპუტატები პროექტში უცნაურობებს დღემდე პოულობენ, ხოლო საზოგადოებაში არ წყდება პოლემიკა ღვედის ავ-კარგიანობის შესახებ.
ავტომანქანიდან ნაგვის გადაყრაზე პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტში დეპუტატებმა კაზუსი აღმოაჩინეს.
როგორც პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან ბუცხრიკიძემ განაცხადა, მოქმედ კანონმდებლობაში წერია, რომ იურიდიული პირის, დაწესებულების თუ ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან, თუ აღნიშნული სუბიექტები არ სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი მომსახურებით, 500 ლარით ჯარიმდება.
ბუცხრიკიძის თქმით, ასეთი ნაგვის გამტანი საწარმოები არ არსებობს და გაუგებარია, არ არსებულ საწარმოსთან ხელშეკრულების დაუდებლობის გამო, იურიდიული პირები რატომ უნდა დაჯარიმდნენ. დეპუტატებმა საკითხში კარგად გარკვევისა და კანონმდებლობის ჩასწორების პირობა დადეს.
კვლავ გაურკვევლობა ღვედის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილების საკითხში. კენჭისყრა პარლამენტმა 28 ოქტომბრისთვის გადადო. ზუსტი მიზეზები არ სახელდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა რედაქციული ჩასწორების გამო გადაიდო.
კანონპროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
აქამდე უღვედოდ მგზავრობისთვის მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ისჯებოდნენ, სადაც მგზავრობა 80 კმ.სთ სიჩქარის ზემოთ არის დასაშვები. ხუთშაბათს დაგეგმილი კენჭისყრის შედეგად კი დამტკიცდება კანონპროექტი, რომლითაც ღვედის გამოუყენებლობა ნებისმიერ ადგილზე, ქალაქში თუ სოფლად, ნებისმიერ გზაზე იქნება დასჯადი.
აღსანიშნავია, რომ ღვედების მოწინააღმდეგეთა თუ მომხრეთა პოლემიკა ამ დრომდე არ წყდება. ასევე იყო უცხოეთშიც, როდესაც უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ყველგან სავალდებულო გახდა. მოვგიანებით, აღმოჩნდა, რომ ღვედს დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი შედეგიც მოაქვს.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში უსაფრთხოების ღვედის გამოყენება სავალდებულო გახდა. როგორც ცნობილია, 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების მიღებას ავალებდა.
1975 წელს კი ამერიკელმა ეკონომისტმა სემ პელცმენმა კვლევებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, სადაც უსაფრთხოების ქამრების როგორც დადებით, ასევე უარყოფით ეფექტზეა საუბარი. სტატიის ავტორი მაშინ წერდა, რომ მძღოლებს, რომლებიც ამ ქამრებს ატარებენ, ავარიაში გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ავარიაში მათი მოხვედრის შანსებიც მეტი იყო. ამასთან, იგივე ავტორი წერდა, რომ ავტომობილის ტარების უსაფრთხოების შემცირება აშკარად უარყოფითად აისახებოდა ფეხით მოსიარულეებზე (და იმ მძღოლებზე, რომლებიც ქამრებს არ იკრავდნენ).
”კანონმა ეს ადამიანები საფრთხეში ჩააგდო, რადგან მათი მოხვედრა საგზაო ავარიებში უფრო მოსალოდნელი გახდა, უსაფრთხოების ქამრები კი მათ არ აქვთ”, - წერდა პელცმენი.
ამასთან, პელცმენის დაკვირვების თანახმად, მართალია, ამერიკაში ამ კანონის მიღების შედეგად ერთ ავარიაზე სიკვდილიანობა შემცირდა, მაგრამ თვით ავარიების რაოდენობამ მოიმატა. შედეგად, ამ კანონის მიღებით მცირედით შემცირდა მძღოლების სიკვდიალიანობა, თუმცა გაიზარდა ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.