ეს მხდალი საქციელი ობამას ამერიკის ისტორიაში ყველაზე ანტიისრაელურ პრეზიდენტად ხდის

ეს მხდალი საქციელი ობამას ამერიკის ისტორიაში ყველაზე ანტიისრაელურ პრეზიდენტად ხდის

პრეზიდენტი ობამა პირადად არის პასუხისმგებელი ამ ანტიისრაელურ რეზოლუციაზე, - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ტომ კოტონი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ისრაელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

„პრეზიდენტი ობამა პირადად არის პასუხისმგებელი ამ ანტიისრაელურ რეზოლუციაზე. მისი დიპლომატები საიდუმლოდ კოორდინირებდნენ ამ კენჭისყრას. მას იმის გამბედაობაც კი არ გააჩნია, რომ ხმა მიეცა ამ რეზოლუციისთვის. ეს მხდალი, სამარცხვინო საქციელი ობამას ამერიკის ისტორიაში ყველაზე ანტიისრაელურ პრეზიდენტად ხდის“, - განაცხადა ამერიკელ სენატორმა.

„აშშ გაერო-ს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს. გაერო-მ და იმ ქვეყნებმა, ვინც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, საფრთხის ქვეშ ჩააყენეს აშშ-ის მხრიდან ამ დახმარების გაწევა. მოუთმენლად ველოდები აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლებთან მუშაობას, რათა გადავწყვიტოთ თუ როგორი იქნება ამ ქმედების შედეგი“, - დასძინა სენატორმა ტომ კოტონმა.

გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას“.