„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, უკვე მოხდა დაანონსება, რომ საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო საკითხი სავარაუდოდ, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იქნება.
როგორც შავგულიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მმართველ ძალას უნდა, რომ პრეზიდენტი იყოს არა საყოველთაო წესით, არამედ პარლამენტის მიერ არჩეული.
შავგულიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ეს დააკარგინებს დამოუკიდებლობას პრეზიდენტის ინსტიტუტს და საზიანო იქნება ქვეყნისთვის.
რაც შეეხება თავად პარტიის ინიციატივებს, შალვა შავგულიძის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ინიციატივით მიმართავენ საკონსტიტუციო კომისიას და ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.