წინა კომისიის დროსაც ძალიან ბევრს ჰქონდა იმედი, რომ იმუშავებდა და შედეგს დადებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლაც ძალიან მინდა, რომ ამ კომისიამ დადოს რაიმე შედეგი, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ ახლად შეკრებილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის საკითხის კომენტირების დროს განაცხადა.
მისი განმარტებით, კომისიის არაპოლიტიკური ნაწილი აკმაყოფილებს საკონსტიტუციო კომისიის წევრობის პირობებს, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ხმალაძე განმარტავს, რომ მათ ნაწილს არ იცნობს.
"რა იქნება გამოჩნდება ახლო მომავალში. კომისიის შემადგენლობის არაპოლიტიკურ ნაწილზე შეიძლია ვთქვა, რომ ჩემი აზრით, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რაც მოეთხოვება საკონსტიტუციო კომისიის წევრებს. ისინი არიან საკმაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონენი, პოლიტიკურ ნაწილზე კი გამიჭირდება შეფასება, რადგან ნაწილს არ ვიცნობ, ვინ არის და ძალიან ბევრი რამ ამ პოლიტიკურ ნაწილზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ მმართველი პარტიის, ოპოზიციის წარმომადგენლები ჯამში არიან კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა, ამიტომ, მათზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა უკვე დაიწყო. შესავალი სიტყვები წარმოთქვეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.