ბოლო დღეებში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკონტეინერო გემების უმრავლესობის მიღება და 24 საათიან რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ ცნობილი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ ნავსადგურის წარმომადგენლებთან.
ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ პორტში არსებულ მდგომარეობას. მათი ინფორმაციით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას ელოდებოდა მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი, რომლის მიღებასაც პორტი შეძლებს დამუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ.
ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მ გრუნტი.